დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში სოფლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ გაითვალისწინა მოწოდება, რომ დარჩენილიყვნენ სახლებში. მისი შეფასებით, ეს პირდაპირ აისახა ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობის მატებაზე.
„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ ყოფილიყო ინფიცირებულთა ნახტომისებური მატება. ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა მოწოდებები, თუმცა სოფლების მოსახლეობამ არ გაითვალისწინა, რომ სახლში დარჩენილიყვნენ. როცა მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში, ეს არ ნიშნავს მეზობლებთან საქეიფოდ გადასვლას. ეს ნიშნავს საკუთარ სახლში დარჩენას. სამწუხაროდ, ახლა ამის შედეგებს ვიმკით ბოლნისსა და თეთრიწყაროს რაიონში“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.