საქმიანი ტურიზმის შემცირება და სამომავლოდ, სასტუმრო ბიზნესის მხრიდან ბაზრისთვის ახალი ნომრების მიწოდების დაპაუზება – ეს არის უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის ქართული ოფისის პროგნოზი, რომელიც პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს სასტუმრო ბიზნესში მოხდება.
საუბარია, 4 მნიშვნელოვან ფაქტზე, კერძოდ:
- 1. საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო პროგნოზები შედარებით პოზიტიურია დასვენების ტურიზმის მიმართულებით, თუმცა ნაკლებად იმედის მომცემი საქმიანი მოგზაურობების კუთხით. დარგის სპეციალისტების მიხედვით, საქმიანი ტურისტები შეიკავებენ თავს ხშირი ფრენებისა და გადაადგილებისგან და გადაერთვებიან ონლაინ რეჟიმზე, ხოლო დასვენების მიზნით მოგზაურობის ჩანაცვლება ვერ მოხდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოკლევადიან პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით აქტივობას არ უნდა ველოდოთ.
- 2. ამ სექტორისთვის მთავარი გამოწვევა მნიშვნელოვნად შემცირებული მოთხოვნა იქნება. სასტუმროებს მოუწევთ უპასუხონ შემცირებული სტუმრებით გამოწვეულ სირთულეებს და განაგრძონ მსუბუქ ეპიდემიურ პირობებში საქმიანობა – სანიტარული ნორმების მაქსიმალური უზრუნველყოფით. რათქმაუნდა მოსალოდნელია ნომრის საშუალო ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირება. ეს პერიოდი განსაკუთრებულად რთული იქნება ადგილობრივი, დამოუკიდებელი საშუალო კლასის ბრენდებისთვის, რადგან მათ მოუწევთ საერთაშორისო ბრენდებთან ფასის კონკურენციაში შესვლა.
- 3. AIRBNB-ის ბაზარი მოკლევადიან პერიოდში განსაკუთრებით იზარალებს. სასესხო ვალდებულებების დროულად დასაფარად, საცხოვრებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს შესაძლოა დასჭირდეთ დღიური გაქირავებიდან გრძელვადიანი გაქირავების მოდელზე გადასვლა.
- 4. მოსალოდნელია, რომ სამედიცინო გადაწყვეტის არსებობამდე, შეფერხდება სასტუმროს ნომრების სამომავლო მიწოდება. მიმდინარე წელს, თბილისში დაახლოებით 1,070 ნომერის მიწოდება იყო დაანონსებული. სავარაუდოა, რომ 2020 წლის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდება.
ამასთან, Colliers-ის ანგარიშის მიხედვით, პოსტ-პანდემურ პერიოდში ქართული კურორტებისთვის ახალი პოტენციალი გამოჩნდება – ესაა ადგილობრივი ტურისტების მხრიდან თანხის ქვეყნის შიგნით დახარჯვა, რაც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება სასტუმროს სექტორისთვის.
მოლოდინები და შესაძლებლობები
2019 წელს ქართველების (გამყვანი ვიზიტორები) მიერ უცხოეთში განხორციელებულმა დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 2 მილიარდი ლარი შეადგენა, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 877 ლარი. შესაძლებელია, აღნიშნული ფულადი ნაკადების ადგილობრივი ტურიზმისკენ შემოტრიალება, რაც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება სასტუმროს სექტორისთვის.
მსუბუქი პანდემიის პირობებში, სასტუმროების კონკურენტუნარიანობას განისაზღვრება იმით თუ რამდენად იქნებიან აღჭურვილნი სანიტარული დაცვის საშუალებებით და ექნებათ ახალი პროცედურები მათ სასტუმროში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აპრობირებული პრაქტიკა ხდება რობოტების გამოყენება, რომლებიც დახურულ სივრცეში ახდენენ დეზინფექციას. მნიშვნელოვანი იქნება ონლაინ მარკეტინგი და შეთავაზებების/პროდუქტების განახლება ლოიალური კლიენტებისა და ახალი სტუმრებისთვის.
დარგის ექსპერტების მიერ აქტიურად განიხილება, რომ სამომავლოდ, სასტუმროების სექტორი ტექნოლოგიური და თვითმომსახურების მიმართულებით განვითარდება და სერვისის კომპონენტში შემცირდება ფიზიკური კომუნიკაციის როლი.
პანდემიის პირობებში, სასტუმროებისთვის შესაძლოა ისეთი ალტერნატიული დროებითი ფუნქციების ძიება, როგორიცაა მაგალითად მოქნილ სამუშაო სივრცეებად რედეველოპმენტი. ამის პრეცენდენტები უკვე გაჩნდა ევროპის სასტუმროებში, სადაც სასტუმროს ნომრებს ქირაობენ სამუშაო სივრცის დანიშნულებით, – აღნიშნულია კვლევაში.
ცნობისათვის, აღნიშნული კვლევა Colliers-ის ქართული ოფისის ახალ პლატფორმაზე recover.ge-ზე გამოქვეყნდა. ახალი პლატფორმა სავაჭრო, საცხოვრებელი, საოფისე და ტურისტული დანიშნულების უძრავი ქონების ბაზრებზე COVID-19-ის კრიზისის მოსალოდნელ შედეგებს და პროგნოზებს აერთიანებს.