საჩხერის ინფექციური საავადმყოფოს ექიმები ისევ დაკვირვების განსაკუთრებული ობიექტები არიან. 100-მდე თანამშრომელი რისკჯგუფში მას შემდეგ მოხვდა, რაც ერთ-ერთს, საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID 19-ზე დადებითი პასუხი სწრაფი ტესტის შემდეგ აჩვენა განმეორებითმა შემოწმებამაც.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მასთან შემხებლობაში მყოფი პირებიდან 10-ის, ასევე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ნიმუში შესწავლილია და ყველა პასუხი უარყოფითია, ხოლო მედპერსონალის შემოწმება COVID 19-ზე ეტაპობრივად გაგრძელდება.
როგორც საჩხერის მერის მოადგილე ოთარ ომიაძემ აღნიშნა, თავად მერი თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერს კონტაქტი ჰქონდა მარტოხელა მოხუცებთან, დაცული იყო უსაფრთხოების ყველა ნორმა და, შესაბამისად, ისინი საფრთხის ქვეშ არ იმყოფებიან.