ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარწახში მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტთან გუშინ ღამით ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ საქართველო-თურქეთის საერთაშორისო გზა გადაკეტეს და ქვეყნის ტერიტორიაზე თურქეთიდან მომავალ სატვირთო ავტომობილებს არ ატარებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, ვითარება განმუხტა და სატვირთო ავტომობილებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება მისცა.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კარწახის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ქვეყანაში შემოსულ თურქულ სატვირთო ავტომობილებს, შესაძლოა, საქართველოს გავლით იარაღი აზერბაიჯანისთვის მიეწოდებინა.
ამასთანავე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საქართველო-სომხეთის საზღვრის გახსნას ითხოვდნენ, რათა ადგილობრივ მოსახლეობას სომხეთის რესპუბლიკისთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობა ჰქონოდა.
აქციის ფოტოს ადგილობრივი მედია ავრცელებს.