Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომის პლატფორმა“ ავრცელებს.
ორგანიზაციის განმარტებით, საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები. საცხოვრებელი ხელფასი ასევე უნდა ფარავდეს მოულოდნელ ხარჯებს და რაც მთავარია, მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა – საცხოვრებელი ხელფასის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაშიც.