სასჯელის ნაწილში სასამართლოს განაჩენი აცდენილია დამკვიდრებულ თანმიმდევრულ პრაქტიკას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვახო სანაიას ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი წერს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ვახო სანაიას საქმეზე სამივე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა – ეს დრო მათი დაკავებიდან დღეს გავიდა.
თუკი შევადარებთ არაერთ სხვა, რიგითი ძალადობის საქმეს და გავითვალისწინებთ, რომ ვახოს მიმართ ჩადენილი დანაშაული არა უბრალოდ ძალადობა, არამედ პროფესიული საქმიანობის გამო დევნა იყო, ვფიქრობ პასუხისმგებლობის/სასჯელის ნაწილში სასამართლოს განაჩენი აცდენილია დამკვიდრებულ თანმიმდევრულ პრაქტიკას და სასჯელი შედარებით მსუბუქია.
ეს განაჩენი არც ჟურნალისტების მიმართ დანაშაულთა დღეს არსებულ საფრთხეებს და საშიშროებას პასუხობს ადეკვატურად. სახელმწიფოს პასუხი შესაძლოა მივიჩნიოთ, როგორც ნაკლული მსგავსი დანაშაულების მიმართ ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ განაჩენით დადასტურდა ვახო სანაიას მიმართ პროფესიული საქმიანობის გამო დევნა და ეს სამართლებრივი სახელი დაერქვა აწ უკვე მსჯავრდებულთა ქმედებას.” – წერს ედუარდ მარიკაშვილი.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.