ისტორიის დოქტორი და თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“საქართველოს საპატრიარქოს საერთოდ არავითარი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა პანდემიისას, თავიდანვე რომ მინიმუმ ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა და არ გამოსულიყვნენ გარკვეული სასულიერო პირები კოვიდინფექციასთან დაკავშირებით კონსპირაციებით, მითებითა და ა.შ.
ასევე, საპატრიარქომ კოვიდპანდემიის შესახებ გადაიღო დოკუმენტური ფილმი “საკვირველი სინამდვილე”, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან ტიპიური საბჭოთა პროპაგანდისტული ჟანრის ფილმია, რაც, ფაქტობრივად, მიზნად ისახავდა ადამიანებისთვის რეალობის დაფარვას.
ამ ფონზე, როდესაც საპატრიარქო პანდემიის დასაწყისშივე აქტიურად ჩაერთო პროცესებში, განცხადებებით, დოკუმენტური ფილმის შექმნით, არაერთი სატელევიზიო სიუჟეტითა და გადაცემით და დღეს, როდესაც 74 გარდაცვლილი დაფიქსირდა და გვესმის არაერთი სასულიერო პირისგან ვაქცინაციის საწინააღმდეგო პირდაპირი თუ ირიბი, საჯარო თუ პრივატული მოწოდებები, ხოლო საპატრიარქო არავითარ რეაგირებას ახდენს ანტივაქსერი სასულიერო პირების მიმართ, რა ეწოდება ამას, თუ არა მინიმუმ უპასუხისმგებლობა?!
სამწუხაროდ, ხალხი მასობრივად იხოცება ჩვენს ქვეყანაში კოვიდისგან, უკვე ასაკიც აღარ განირჩევა და ამ დროს გარკვეული სასულიერო პირებისგან ანტივაქსერული მოწოდებები და საპატრიარქოს დუმილი არ ემსახურება ქვეყნისა და ერის კეთილდღეობას.
ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს საპატრიარქო აღმოჩნდა თავისი გარკვეული “ხილვების”, განცხადებების, კონსპირაციების ტყვე და შექმნილ უმძიმესად ტრაგიკულ ვითარებაში მინიმუმ ვერ ან არ აკავებს იმ სასულიერო პირთა თავგასულობას, რომლებიც ღიად თუ ფარულად ანტივაქსერობენ და ისედაც დაბნეულ ადამიანებს ფაქტობრივად ლეტალური დასასრულისთვის წირავენ”, – წერს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.