საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი საქართველოში ფეხმძიმეების გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და მიმიოხილა ის რისკები, რაც უვაქცინობას და ორსულობის შემთხვევაში ინფიცირებას თან ახლავს.
„დღეს მეგობრის გვერდზე ამოვიკითხე, კიდევ ერთი კოვიდით დაავადებული ორსული გარდაცვლილა, საკეისრო კვეთის შემდგომ. არანაირად არ ვაპირებ კონკრეტული ტრაგედიის განხილვას. მხოლოდ რამდენიმე, დღეისათვის უკვე კარგად ცნობილ ფაქტს მოვიყვან.
დღეს უკვე ბევრი კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ კოვიდით დაავადებულ ორსულებში უფრო მეტი გართულება (დეტალურად არ ჩამოვთვლი) ვითარდება და სიკვდილიანობაც ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ორსულებში რომელთაც კოვიდი არ ჰქონიათ. საერთაშორისო კვლევა, 18 ქვეყანაში ჩატარებული, აჩვენებს რომ დედის სიკვდილიანობა იზრდება 2-ჯერ! ეს კვლევა იმითაც არის საინტერესო, რომ ნანახია კორელაცია ქვეყნის განვითარების დონესა და გართულებებს შორის. დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში უფრო ხშირია გართულებები კოვიდიან ორსულებში.
თავად საკეისრო კვეთა უფრო სარისკოა კოვიდიან ორსულებში. ესპანური კვლევის მიხედვით, საკეისრო კვეთის შემდგომ კოვიდიანი დედის კლინიკური პარამეტრების გაუარესების რისკი იზრდება 13-ჯერ კოვიდის გარეშე საკეისროსთან შედარებით. სტატია 2020 წლის ივნისით თარიღდება, ანუ 1 წელიწადზე მეტია ეს ცნობილია და სხვა კვლევებიც, უფრო ახალი, ამას ადასტურებს.
დიდი ამერიკული კვლევა, რომელიც არა საკეისროს, არამედ ზოგად ქირურგიულ ოპერაციებს ეხება, ასკვნის, რომ კოვიდით დაავადების ფონზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში სიკვდილიანობა იზრდება 2-ჯერ.