ვაქცინაციის ცენტრი ქუთაისში, შესაძლოა პარლამენტის ყოფილ შენობაში მოეწყოს. როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა “პირველი ხაზი”-ს ეთერში განაცხადა, ვაქცინაციისთვის ქვეყანაში დიდი ცენტრების შერჩევა იქნება საჭირო და მისი თქმით, ამ ფუნქციით, ქუთაისში, თუნდაც პარლამენტის ყოფილის შენობის დატვირთვაა შესაძლებელი.
“ასე მესახება რომ, ვაქცინა საწყისს ეტაპზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ძალიან დიდ ცენტრებში უნდა იყოს. თბილისში, ვთქვათ საგამოფენო ცენტრში, ქუთაისში ამისთვის ფუნქცია შეიძლება ყოფილ პარლამენტის შენობას მოვუძებნოთ და იქ გაკეთდეს. ეს უნდა იყოს ძალიან ორგანიზებული დიდი ჯგუფები, სადაც სპეციალისტებიც იქვე იქნებიან, იქნება მოსაცდელი დარბაზები, რომ რისკის ჯგუფის პაციენტები, რომლებიც წინასწარ კითხვარს შეავსებენ, 15-30 წუთი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ამ სისტემურმა რეაქციებმა, რომელიც იშვიათია, მაგრამ ალბათ იქნება და გარდაუვალია, რაიმე ზიანი და რეპუტაცია არ მიაყენოს ვაქცინაციის პროცესს,”-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 80 გრადუსიანი ვაქცინის მიწოდება-მიტანა რაიონულ დონეზე გართულდება, ამიტომ, ამ ტიპის ვაქცინაცია სამ დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი და ქუთაისში განხორციელდება.