მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყეტილებით, კომერციულ დაწესებულებებში მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბათუმში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
„გაძლიერებულია თერმოსკრინინგი. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და განსაკუთრებით ბათუმში. დღეს უკვე უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში. ასევე, თერმოსკრინინგი ინტენსიური იქნება ბათუმში შემსვლელებზე და გამსვლელებზე. მოეწყობა შესაბამისი პუნქტები, სადაც ოპერაციული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, ის ადმიანები დაექვემდებარებიან ტესტირებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.