უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პნევმოკოკით აცრას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც კონკრეტულ პროტოკოლს შეიმუშავებენ და აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი დაამტკიცებს.
„ჯანდაცვის სამინისტროში, კონკრეტულად, პოლიტიკის დეპარტამენტი იღებს პოლიტიკურ და ასევე, ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებებს. პოლიტიკის დეპარტამენტი ახლა მუშაობს იმ კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და დეტალურ განსაზღვრაზე, თუ როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეთ ეს აცრა. ჩვენ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებს გავდივართ როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ასევე ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს. მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული პროტოკოლი შემუშავებული და დამტკიცებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან, ჩვენ ამის განხორციელებას დავიწყებთ ყოველივე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა და საფრთხე არ შეექმნათ არც პანდემიის და არც მისი დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ტიკარაძემ.