იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პირადობის დამადსტურებელი მოწმობები მოქალაქეებისთვის უფასოდ გაიცემა. სამინსიტროს განმარტებით ამის მიზეზი საარჩევნო პროცესში მოქალაქეების შეუფერხებლად მონაწილეობაა.
პირველი სექტემბრიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:
- საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი;
- არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1 ოქტომბრამდე, უსრულდებათ 18 წელი;
- მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
- რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
- მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე;
- მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი;
- ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს;
- გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
პირადობის მოწმობის უფასოდ აღების მსურველებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.