თვითდასაქმებულები 300-ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალურად შექმნილ პორტალზე დარეგისტრირებას 21 მაისიდან შეძლებენ, სადაც მარტივი წესით დარეგისტრირდებიან და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვენ.
ჯანდაცვის მინისტრი მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა „ქრონიკაში“ განმარტა, რომ სპეციალურად შექმნილ პორტალზე საკმარისია ნებისმიერი დოკუმენტის განთავსება, რაც პიროვნების თვითდასაქმებას ადასტურებს.
“შეიქმნება ელექტრონული პორტალი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ატვირთოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და რა თქმა უნდა, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც იქნება იმის დამადასტურებელი, რომ ის იყო თვითდასაქმებული, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, გარდა ელექტრონული პორტალისა, იმუშავებს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები რაიონებსა და რეგიონებში და მოხდება დოკუმენტების ჩაბარება.
„აქვე მინდა ისიც დავამატო, რომ შესაძლებელია, ამ თუ იმ მოქალაქემ მისი თვითდასაქმებულობის დადასტურება ვერ შეძლოს. ამ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ძალიან აქტიური მათი პროგრამაში ჩასმის კუთხით და ეს მათი სოციალური სტატუსის განსაზღვრას შეეხება. მათი განცხადების საფუძველზე ჩვენი აგენტები მივლენ მათთან, მოხდება შეფასება და განათავსებენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ამის შემდეგ მოვახერხებთ მათთვის ფინანსური კომპენსაციის მიცემას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, მაგრამ გამორჩენა რომ არ მოხდეს, ამ კუთხითაც ვიმოქმედებთ“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.
თვითდასაქმებულ მოქალაქეებს სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.