მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერის განცხადებას ეხმაურება, სადაც მომღერალი კანიონში არსებულ ფასებს აკრიტიკებს:
“მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. მადლობა, რომ დაინტერესდით მარტვილის კანიონზე მოგზაურობით. მარტვილის კანიონი თავისი პროექტირებით და განვითარებით არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცული ტერიტორია და ის აღიარებულია ევროსაბჭოს მიერ ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონკურსის გამარჯვებულად.
საქართველოს დაცული ტერიტორიები წარმოადგენს საქართველოს ბუნებრივ მემკვიდრეობას, რომელსაც მუდმივად სჭირდება მოვლა-პატრონობა და განვითარება ეკოტურიზმისა და ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
განვლილი წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ყავდა. მარტვილის კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა, რომელსაც მხოლოდ 2019 წელს 189 894 ვიზიტორი ეწვია, გახსნის დღიდან დღემდე კი 800 000 – მდე ვიზიტორს უმასპინძლა.
მარტვილის კანიონზე მოგზაურობა 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, ასევე საქართველოს მოქალაქეებზე და რეზიდენტ პირებზე ვრცელდება ფასდაკლება.
შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ფასებს: ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასო; ბილეთი არასრულწლოვნებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) -5.5 ლარი; ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის, გარდა არასრულწლოვნებისა -10.35 ლარი;სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვნებისა – 17.25 ლარი; მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი უფასო; ტურისტული სააგენტოს გიდები უფასო;
აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონის სიგრძე 2,4 კმ-ია და აქედან, ტერიტორია, რომელზეც ფასიანი სერვისები ვრცელდება, მხოლოდ 700 მეტრია. დანარჩენი ტერიტორია შეგიძლიათ უფასოდ დაათვალიეროთ.
მარტვლის კანიონის მოვლა-პატრონობასა და განვითარებას სჭირდება ფინანსური რესურსი, რომლის მიღების წყაროს ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. შემოსავლები ხმარდება, უპირველეს ყოვლისა, მარტვილის კანიონის მოვლა-პატრონობას, თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას და განვითარების ხარჯებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეისთვის საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა და აუცილებელია თითოეულის მოვლა-პატრონობა და განვითარება.ნავებით გასეირნების სერვისს რაც შეეხება, საქართველოში პირველად მოხდა, რომ ეს სერვისი გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული, კერძოდ მარტვილის, სოფელ ლებაჩეს მოსახლეობის 70 ოჯახს.
დღეს მარტვილის კანიონზე დასაქმებულია 150-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი.აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2016 წლამდე მარტვილში 2 სასტუმრო და 1 სასადილო ფუნქციონირებდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მარტვილის კანიონის სწორი და ეფექტური განვითარების შედეგად, დღეს მარტვილში 45-ზე მეტი საოჯახო სასტუმრო, 8 სასტუმრო და 5-ზე მეტი რესტორანია, და დასაქმებულთა რაოდენობა, მარტო მარტვილის კანიონის ეფექტური მუშაობის შედეგად, 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილით გაიზარდა. მხოლოდ 2017 წელს, მარტვილის კანიონის გახსნის წელს, კანიონმა მარტვილის ეკონომიკაში დამატებით 5 მილიონი ლარი შექმნა” – წერს ზაზა გაგუა. მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს მისსავე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში პასუხობს.