“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ცხელი ხაზის – 144-ის საქმიანობა შეისწავლა. პანდემიის დროს სწორედ ამ ცხელი ხაზის ვალია დაინტერესებულ ადამიანებს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია შეზღუდვებისა და წესების შესახებ, ასევე მყისიერად დაუშვას გადაადგილებაზე საშვი.
Humanrights.ge აცხადებს, რომ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება ჭირს, ხშირად კი მოქალაქეებს გადაადგილების საშვის გაცემაზე უარს, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეუბნებიან.
“მამა უარს ამბობდა საავადმყოფოში გადაყვანაზე. როგორც იქნა, დავითანხმე, ოღონდ – იმ პირობით, რომ საავადმყოფოში მეც მივიდოდი. ზუსტად 26 წუთის განმავლობაში ვუხსნიდი 144-1-ის ოპერატორს, რატომ იყო საავადმყოფოში გადაყვანილ ავადმყოფ მამასთან ჩემი ყოფნა საჭირო. როგორც იქნა, მომცეს ნახევარსაათიანი საშვი. ახსნა-განმარტება დამჭირდა იმისთვის, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად ნახევარი საათი არ მეყოფოდა. საშვი კიდევ ნახევარი საათით გამიგრძელეს, მაგრამ მითხრეს, რომ უკან დაბრუნების ნებართვას ვეღარ მომცემდნენ და საავადმყოფოში უნდა დავრჩენილიყავი. ესეც არ არის ყველაფერი. საშვი არ მისცეს ჩემს დას, რომელიც ცალკე ცხოვრობს და მამის სანახავად ითხოვდა წამოსვლას – უთხრეს, რომ ოჯახის ერთ წევრზე უკვე გაცემული იყო საშვი და ეს სრულიად საკმარისი იყო. მაშინ, როცა მამა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, 144-1-მა ოჯახის წევრებს ერთად ყოფნის უფლება არ მოგვცა”, – ამბობს ნონა.
ცნობისათვის : ქვეყანაში საღამოს 9 საათიდან დილის 5:00 საათამდე აკრძალულია როგორც ფეხით, ისე მანქანით მოძრაობა. არაერთი მოთხოვნის, აქციისა თუ პროტესტის მიუხედავად ეს შეზღუდვა არ შემსუბუქებულა.