ავსტრალიურ სამეცნიერო გამოცემაში Marine & Freshwater Research გამოქვეყნებულ კვლევაში მოსიარულე ზვიგენების ოთხი ახალი სახეობაა აღწერილი.
ინდოავსტრალიური კატისებრი ზვიგენები Hemiscyllium-ის სახელით არიან ცნობილი. მათი ევოლუცია დაახლოებით 9 მილიონი წლის წინ დაიწყო, როდესაც საერთო წინაპარს ჩამოშორდნენ და დამოუკიდებელ სახეობად ჩამოყალიბება დაიწყეს. ჩრდილოეთ ავსტრალიის, ინდონეზიისა და პაპუა-ახალ გვინეის სანაპიროებთან მობინადრე მტაცებლებს სხვა ზვიგენებისგან ის გამოარჩევს, რომ წყალმარჩხ ადგილებში მარჯნის რიფებზე ფარფლებით გადაადგილდებიან.
![მოსიარულე ზვიგენის ერთ-ერთი სახეობა Hemiscyllium michaeli პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან ბინადრობს.](https://popx.ge/sites/default/files/inline-images/01-walking-sharks-ci_59792152.jpg)
მეცნიერებს აქამდე მოსიარულე ზვიგენების მხოლოდ ხუთი სახეობა ჰქონდათ შესწავლილი. 12-წლიანი კვლევის შედეგად, მათი რიცხვი ცხრამდე გაიზარდა.
“ერთ მეტრზე ნაკლები ზომის მოსიარულე ზვიგენები ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. მათ მცირე ოდენობით ჟანგბადის შემცველ გარემოში არსებობა და სუსტი მოქცევის დროს, ფარფლების გამოყენებით გადაადგილება შეუძლიათ. საკვებად კი მცირე ზომის კიბორჩხალებსა და მოლუსკებს იყენებენ”, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ქრისტინ დადჯენი.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მოსიარულე ზვიგენების კიდევ ბევრი, ჯერჯერობით უცნობი სახეობა არსებობს. მათი თქმით, ეს აღმოჩენა მკვლევარებს ტროპიკული ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონისა და მისი მობინადრეების ევოლუციის უკეთ შესწავლაში დაეხმარება.