“სიღარიბე, რიგიანის სახლების უქონლობა, ცუდი სასმელ-საჭმელი, უსუფთაობა, სიბინძურე და სხვა ამგვარი ჯანმრთელობის წინააღმდეგი გარემოება ავრცელებს ხალხში და ხელს უწყობს ათასგვარ ავადმყოფობას, სნეულებას და ჭირსა… ბევრი მათგანი იხოცება და შველას-კი ვერსაიდამა ჰხედავს. ექიმი არა ჰყავს, წამალი არა აქვს. უილაჯობით ხან შემლოცველთან გარბის, ხან მკითხავთან, ხან ხელთ ეძლევა უმეცარს ექიმობას სოფლისას, შელოცვას, ხატებში სიარულს. სოფლელ დედაკაცების წამლობას, ხშირად უფრო მეტი ვნება მოაქვთ ხალხისთვის, ვიდრე სარგებლობა. განა ხალხს სიცოცხლე მოსძაგებია, განა სიკვდილი იამება? მაშ რატომ მეცნიერებას არ მიჰმართავს, რატომ თავის ერთს უძვირფასეს საუნჯეს — სიცოცხლეს არ იცავს რიგიანად? აქაც დამნაშავე იგივე უმეცრება, ცრუმორწმუნებაა.”
1886 წელს დაწერა ილია ჭავჭავაძემ ეს წერილი და რა შეიცვალა? ისევ შიო ვასაძის შარდით მკურნალობას არ მისდევდა ჩვენი ხალხი გუშინ? ისევ შემლოცველებთან არ დარბიან? ისევ ხატების იმედად არ არიან?
იმედია, ბოლო დღეებში, გაცილებით მეტმა თვალნათლივ დავინახეთ საზოგადოების გაუნათლებლობის მასშტაბები და დავრწმუნდით, რომ ჩვენი საზოგადოების მთავარი საფრთხე არა კორონავირუსი, არამედ მასიური უმეცრებაა. ” -წერს სოციალურ ქსელში იურისტი და ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.
და იქვე კომენტარებში კვლავ ილია ჭავჭავაძის ნააზრევს გვაწვდის:
” უმეცრებაა ჩვენი საშიშარი მტერი. უმეცრებასთან ბრძოლა მხოლოდ მეცნიერებას შეუძლიან. განათლება, სწავლა, ცოდნა — აი ერთად-ერთი საშუალება, რომელსაც შეუძლიან წამალი დასდოს ჩვენს ცხოვრებას. კვალში ჩაუდგეს, ხალხს მხარი მისცეს და შველა აღმოუჩინოს, ვისაც წამალი აქვს, ვისაც მკურნალობა შეუძლიან. მასწავლებელი, ექიმი, ტეხნიკი, მიწის შემუშავების მცოდნე, — ყველა, ვინც კი მეცნიერებით და ცოდნით შეიარაღებულია, ყველა საჭიროა ეხლა. თუ ნამდვილად გული გვტკივა ხალხისათვის, თავი ვიჩინოთ, რომ სიბნელე უმეცრებისა გავფანტოთ. თუ ხალხის სიყვარულით არიან გამსჭვალულნი, საქმით დაამტკიცონ სიყვარული და მრავალნი გამოიყვანონ უმეცრებიდამ.”