26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფი იმ ღონისძიებების შესახებ საუბრობს, რომელიც “წინააღმდეგობის პლატფორმამ” დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმა. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.
ბაია პატარაიას თქმით, ეს საზეიმო და აბსოლუტურად მშვიდობიანი ღონისძიება იქნება, თუმცა შინაარსობრივად “წინააღმდეგობრივადაც” იქნება დატვირთული.
15:00 საათიდან ველოდებით ყველას. ეს იქნება ნამდვილი სახალხო ზეიმი. ჩვენი დამოუკიდებლობა ისევ გადასარჩენი და ისევ დასაცავია და თქვენ ნახავთ მრავალფეროვან ღონისძიებებს.
მაგალითად, პირველი სკოლის წინ ადგილს დაიკავებენ ბავშვებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები და გამომცემლობები. უშუალოდ გზაზე სტუდენტები წარმოგვიდგენენ გამოფენას და დისკუსიებს. ცისფერი გალერეის წინ ძალიან ბევრი გამოფენა იქნება, რომელიც მიეძღვნება პირველ რესპუბლიკას და მთელი ეს ტერიტორია იქნება ათვისებული შინაარსობრივი განხილვებით, რომელიც მიეძღვნება როგორც უახლესი წარსულის განხილვას, ასევე სამომავლო გეგმების განხილვას, ამიტომ იქნება საინტერესო და გელით ყველას!
ეს არ იქნება ჩვეულებრივი საპროტესტო აქცია, ეს იქნება უფრო საზეიმო. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა არსებობს. 180 დღეა პარლამენტის წინ წინააღმდეგობა მიდის და შინაარსობრივად ეს იქნება დატვირთული ამით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი. ჩვენ ველოდებით ბავშვებს, ჩვენ ველოდებით ოჯახებს, – განაცხადა ბაია პატარაიამ.