რა მოხდება, თუ მოქალაქე უარს იტყვის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე? -განმარტებებს იურისტები აკეთებენ: კანონის მიხედვით, მოქალაქეს აქვს უფლება, არ გაჰყვეს პოლიციას, თუმცა ვალდებულია 4 საათში დამოუკიდებლად მიიტანოს ბიოლოგიური მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ჩაითვლება და შეიძლება დაჯარიმდეს 2-დან 5 ათას ლარამდე, ან 60 დღით დააკავონ. განმეორების შემთხვევაში კი საქმე სისხლის სამართლის მუხლზე გადადის – სასჯელი შესაძლოა, 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც გახდეს.
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, სწორედ ამ მექანიზმებს იყენებს შსს, რათა თავისუფალი ადამიანები და აქტივისტები შეაშინოს. „გუშინაც გამოჩნდა, რომ მუხლი მიზანმიმართულად გამოიყენება მხოლოდ რეპრესიებისთვის“, — აცხადებს ის.
მას აქვს უფლება, რომ არ გადაყვეს. თუ არ გადაყვება, მაშინ კანონი მას სთხოვს, რომ 4 საათის განმავლობაში მიიტანოს ბიოლოგიური მასალა. თუ ამ 4 საათის განმავლობაში არ მიიტანს, ის ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შემდეგ ეს საქმე შევა სასამართლოში. აის შემდეგ 5 ათას ლარიდან 2 ათას ლარამდე აქვს უფლება, რომ დააჯარიმოს და ასევე 60 დღით გაუშვას პატიმრობაში. ამის შემდეგ თუ ამ ადამიანს ისევ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის ფარგლებში გააჩერებს პოლიცია და მიხვდებიან, რომ ეს უკვე დაჯარიმებულია, და მას თუ ისევ დააჯარიმებენ, ეს უკვე გადადის 273 მუხლში, სისხლში, რა დროსაც მას შეიძლება 1 წლამდე პატიმრობაც კი შეუფარდონ და სისხლის სამართლის დამნაშავედ აქციონ ადამიანი, რომელიც მხოლოდ მოიხმარს ნარკოტიკს. მაგრამ, გუშინაც გამოჩნდა და ალბათ დაინახავს საზოგადოება, რომ ამ მუხლს იყენებენ მხოლოდ, რომ ადამიანები დააშინონ, დასაჯონ. ის სამოქალაქო აქტივისტები, ის თავისუფალი ადამიანები რამენაირად შეაშინონ, – ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
უფლებადამცველი თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, პოლიციას ხშირად არც კი აქვს რეალური საფუძველი ან ეჭვი, რომ აქტივისტმა ნარკოტიკი მოიხმარა. მისი შეფასებით, ეს არის მცდელობა, რომ აქტივისტების წინააღმდეგ დაიწყონ კამპანია და საზოგადოებაში რეპუტაცია შეულახონ.
დასაბუთებულად უნდა ჰქონდეს პოლიციელს ფაქტი ან მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შენ მოხიმარე ნარკოტიკული საშუალება. რა თქმა უნდა, ნაკლებად გვჯერა, რომ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია ამ პიროვნებების მიმართ. ისინი არიან აქტიური აქტივისტები, ადამიანები, რომლებიც მუდმივად იმყოფებია რუსთაველის გამზირზე და არის ალბათ მცდელობა იმისა, რომ ამ ადამიანების მიმართ დაიწყოს კამპანია, რომელიც შექმნის ილუზიას მაინც საზოგადოებაში და განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც სჯერა, რომ რადიკალები არიან რუსთაველზე, რომ ეს ადამიანები მოიხმარენ მუდმივად ნარკოტიკულ საშუალებებს, – ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
გუშინ დაწყებული მასობრივი ნარკოშემოწმებები დღესაც გაგრძელდება. ნარკოლოგიურში შემოწმებებზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები გადაჰყავთ. ზოგიერთი მათგანი გუშინ ქუჩაში გააჩერეს და შემოწმებაზე გაყოლა მოსთხოვეს, ზოგს მეგობრის სახლში მიაკითხეს.
“ოცნების” მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ შსს-მ წინდაწინ შეადგინა იმ ადამიანების სიები, რომლებიც აქციებში აქტიურად მონაწილეობენ. მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ გელაძის უწყების მიზანს მათი რეპუტაციის შელახვა და დისკრედიტაცია წარმოადგენს.