საგანგებო სიტუაციების სამსახური რაჭაში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების განმარტებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ადგილზე მუშაობა დილიდან განაახლა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში დილიდან განაახლეს აქტიური სამუშაოები.
სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.
პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
საბაგირო მაგისტრალების მოწყობაში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე სამაშველო დრონები, რომლითაც ხდება მიუვალ ადგილას მაგისტრალის გადამართად აუცილებელი აღჭურვილობის მიტანა“, – აცხადებენ უწყებაში.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს. მისი თქმით, მობილიზებულია 2 ვერტმფრენი, რომელთა მეშვეობით პრობლემური ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება.
ჯაფარიძის განმარტებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება წუხელ აღუდგა საკაურას ხეობის 5 სოფელს. დღეს, სავარაუდოდ კი ელექტროენერგიის მიწოდება კიდევ სამ სოფელში აღდგება. მისი თქმით, გარდა ამისა წყალმომარაგება აღდგა ონში, 400-მდე აბონენტს წყალი სრულად მიეწოდება.
„ცენტრალურ მაგისტრალზე 12 კრიტიკული ობიექტის აღდგენის სამუშაოები გრძელდება. პირველ სამ ლოკაციაზე სამუშაოები დასრულდა და მოეწყო შემოვლითი გზები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. მაქსიმალურად სწრაფი ტემპით ხდება პრობლემების ლოკალიზება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.