რა იცვლება კანონში ?
სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეცვლება სახელი და ეწოდება „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. სიახლე ითვალისწინებს სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადის შემცირებას, ასევე, წვევამდელების მიერ მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საბრძოლო მომზადების გავლას.
კერძოდ, ცვლილებების შემდეგ 12-თვიანი ვადის ნაცვლად სამსახურის დიფერენცირებული ვადები შემდეგნაიარად განისაზღვრება:
- საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 6 თვე;
- დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 8 თვე;
- უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის – 11 თვე.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.
სიახლეა ისიც, რომ სტუდენტის სტატუსი აღარ იქნება სავალდებულო სამხედრო სასმსახურის გავლის გადავადების საფუძველი. კერძოდ, სტუდენტი შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას.
ასეთ შემთხვევაში, სტუდენსტს საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა – 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.
გარდა ამისა, გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა. თუ მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებელი 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 ლარს და პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ 25 წლის ასაკამდე, პროექტის მიხედვით, გადავადების მოსაკრებელი იქნება ერთჯერადი და შეადგენს 10 000 ლარს.
რაც შეეხება რელიგიურ ორგანიზაციებს, საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სასულიერო პირებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლების გაუქმებას და მათთვის ამ შესაძლებლობის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩანაცვლებას.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, „მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონა აღარ ჩაითვლება სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლად და არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს მოუწევთ სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, არასამხედრო ფორმით გავლა.
თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება(კონკორდატი) არსებობს.