„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში მართვადი რაკეტით მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC საუდის არაბეთის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მართვადი რაკეტა თეირანში მდებარე იმ სახლს მოხვდა, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული. მკვლელობა ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა.
ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars news, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ მკვლელობის დროს ჰანიე თეირანის ჩრდილოეთით მდებარე ვეტერანებისთვის განკუთვნილ რეზიდენციაში იმყოფებოდა. შენობას ჭურვი ჰაერიდან დაეცა.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით, ისრაელს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა მომხდარს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრმა, ამიჩაი ელიაჰუმ სოციალურ ქსელ ქსელში დაწერა, რომ ჰანიეს სიკვდილის შემდეგ „მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა“.
ცნობისთვის, ისრაელმა ჰამასის და მისი ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250 მძევლად აიყვანეს.
ისმაილ ჰანიემ ღაზის სექტორი ჯერ კიდევ 2019 წელს დატოვა და კატარში ცხოვრობდა.