განმუხურში, სადაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რამდენიმე საათის წინ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ვლადიმირ ვახანია მოკლეს, პოლიციაა მობილიზებული. გალავანი და ჭიშკარი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ხოლო სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მოჰყვა შეხვედრას, რომელიც ვლადიმირ ვახანიასა და მკვლელობაში ბრალდებულ, სავარაუდოდ, ასევე ბიზნესმენს შორის, ვახანიას სახლში შედგა. მხარეები ბიზნეს-წილებთან დაკავშირებით ვერ მორიგდნენ, რის შემდეგაც ვახანიასთან სტუმრად მყოფმა ბიზნესმენმა მასპინძელს, სავარაუდოდ, დანა რამდენჯერმე ჩაარტყა და მიიმალა. ვლადიმირ ვახანია მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
მკვლელობის ფაქტი დაადასტურა შსს-მ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ვლადიმირ ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს.
PRIMETIME.GE