ქარელში დაშავებული “მთავარი არხის” ოპერატორი, ლევან აბლოთია “ნიუ ჰოსპიტალიდან” გაწერეს. მან გუშინ, “ქართული ოცნების” ქარელის ოფისში მომხდარი ინციდენტის დეტალები ჟურნალისტებთან გაიხსენა.
“აივანზე ვიყავით, ესენი შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს და შემდგომ უკვე, როდესაც მე და ბექა სტენდაფს ვწერდით, გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი. ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან და ვარიდებდი თავს. უკან-უკან მივდიოდი, იმიტომ, რომ მინდოდა დისტანცია მქონოდა იმ აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობაში, ხელის კვრაში მე წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი,” – განაცხადა ლევან აბლოთიამ.
ცნობისთვის, რომ „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათი ოპერატორი ქარელში მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.
აღნიშნულს უარყოფენ პარტიაში და აცხადებენ, რომ „ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა“.
გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.