რაც უფრო სწრაფად ვრცელდება „დელტა“ შტამი მსოფლიოში, მით უფრო მეტი ქვეყანა იწყებს ბუსტერ-დოზის კამპანიას, თუმცა მესამე დოზით აცრას სკეპტიკურად უყურებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჯანმოში ამბობენ, რომ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების სარგებლიანობასა და უსაფრთხოებაზე მონაცემები ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
„როგორც აქამდეც გვითქვამს, დაბეჯითებით ვერ ვიტყვით ბუსტერ დოზების სარგებლიანობასა და უსაფრთხოებაზე. აქ მეორე პრობლემას ის წარმოადგენს, რომ იმ დროს როცა ზოგიერთ სახელმწიფოში მესამე დოზას იყენებენ, ზოგიერთ სახელმწიფოში პირველი და მეორე დოზითაც კი არ არის დაწყებული ვაქცინაცია. ეს მორალური საკითხია. ეს იგივეა, რომ სამაშველო ჟილეტი გქონდეს და მეორეს იცვამდე, მაშინ როცა სხვას ერთიც არ აქვს. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ. მარტო ერთი ნაწილის აცრა არ დაგვეხმარება პანდემიის დაძლევაში. ყველას საერთო ინტერესია რეალური სოლიდარობის დემონსტრირება,” – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
“ისინი, ვინც ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებისას გადაიტანა COVID – 19, მეტად მარტივად უმკლავდებიან “დელტა” შტამს, ვიდრე ისინი ვინც Pfizer-ის 2 დოზით არიან აცრილი,” – ეს ისრაელში ჩატარებული კვლევის შედეგია, რომელსაც Bloomberg აქვეყნებს.
ანალიზის მიხედვით ბუნებრივი იმუნიტეტი “დელტა” შტამით დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციისგან უფრო ხანგრძლივ და ძლიერ დაცვის გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინაციით გამომუშავებული იმუნიტეტი.