საქართველოში ოჯახები სამომხმარებლო პროდუქტებზე1 450 ლარს ხარჯავენ თვეში, ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორი 2018-2023 წლებში საშუალოდ 14.2%-ით გაიზარდა და 2024-2028 წლებში 10%-იან ზრდას გააგრძელებს.
„FMCG სექტორი ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის მოხმარების ხარჯზე იზრდება, თუმცა ტურიზმის აღდგენასა და მიგრანტების შემოდინებას მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჰქონდა 2022 წელს (წლიური ზრდის 33.5%). ეს ეფექტი შესუსტდა მაღალი ბაზის გამო 2023 წელს,“- აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის თანახმად, ერთი ოჯახის ყოველთვიური დანახარჯები FMCG პროდუქციაზე 1 450 ლარს შეადგენდა 2023 წელს, რაც ხარჯების 45.1%-ია.
ამასთან, კვლევის ავტორთა ცნობით, ტურისტების და მიგრანტების დანახარჯების 80%- ზე მეტი თბილისსა და ბათუმზე ნაწილდება.