მსოფლიოში გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა კატასტროფების შედეგად, რომლებიც საშიშ კლიმატურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ მოვლენებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, გაერო-ს სპეციალიზებული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.
ქონებრივმა ზარალმა ამ პერიოდის განმავლობაში 3.64 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ამინდთან დაკავშირებული კატასტროფების რიცხვი ა ბოლო 50 წლის განმავლობაში გაიზარდა. მათი თქმით, კლიმატის ცვლილება იწვევს ამინდის ექსტრემალური მოვლენების რაოდენობის ზრდას. 1970 წლიდან 2019 წლამდე მსოფლიოში მოხდა 11 000-ზე მეტი კატასტროფა, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ მოვლენებთან.
დაღუპულთა 91%-ზე მეტია განვითარებად ქვეყნებში. გვალვებმა 650 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 577 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქარიშხლების შედეგად, 58 ათასზე მეტი – წყალდიდობის შედეგად, 55 ათასზე მეტი – ექსტრემალური ტემპერატურის გამო.