კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ავტომობილი Porsche 911 RSR, რომელიც 1974 წელს გერმანიაში არის გამოშვებული, 2,2 მილიონ აშშ დოლარად იყიდება. მისი შეძენა აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა რატონში დაფუძნებული სადილერო კომპანიის Atlantis Motor Group ვებგვერდზეა შესაძლებელი.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, პაბლო ესკობარის Porsche 911 RSR ერთ-ერთია აღნიშნული სერიის იმ 15 ავტომობილს შორის, რომელიც სპეციალურად ჩემპიონთა საერთაშორისო რბოლის სახელით ცნობილი ტურნირისთვის შეიქმნა. ორადგილიან სპორტულ მანქანას კოლუმბიელ ნარკობარონამდე ბრაზილიელი ავტომრბოლელი და F1-ის პილოტი, ემერსონ ფიტიპალდი მართავდა. ამას ავტომობილზე შემორჩენილი სტიკერებიც ადასტურებს, რომლებზეც მისი გვარი იკითხება.
ამ დროისთვის გაურკვეველია, ვინ დაეპატრონა 1993 წელს კოლუმბიელი ნარკობარონის სიკვდილის შემდეგ მის მანქანას და როგორ აღმოჩნდა ის ამერიკის შეერთებულ შტატებში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პორშესთან” ერთად ესკობარი გერმანული “მერსედესის”, იაპონური “ტოიოტასა” და ფრანგული “რენოს” მარკის ძვირადღირებულ ავტომობილებს ფლობდა. მისი ავტოფარეხის კიდევ ერთი მშვენება იყო ანტიკვარული “კადილაკი”, რომელიც პაბლომ ამერიკელი განგსტერის, ალ კაპონესადმი პატივსაცემის ნიშნად შეიძინა.