ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე (67 კგ) ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა. 25 წლის ფალავანი შესანიშნავად გამოიყურება და მეოთხედფინალში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წევრ აკერ ალ ობაიდის აშკარა უპირატესობით აჯობა.
რამაზმა დასაწყისშივე, 27 წამში მოახერხა 6 ქულის მოპოვება და სერიოზული უპირატესობა მოიპოვა, მეორე პერიოდის სტარტზე კი მონაგარს კიდევ 4 ქულა შემატა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეხვედრა ვადაზე ადრე დასრულდა და ქართველმა აშკარა უპირატესობით 10:0 მოიგო, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, იქ კი მისი მეტოქე ირანელი მოჰამადრეზა გერაეი იქნება და შეხვედრა თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება.