ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს კომენტარი იმის შესახებ, რომ ვარშავა ქვეყნის ნაწილის მიტაცებას გეგმავს, მიუღებელია, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა კრისტოფ შერსკიმ განაცხადა.
„ეს კომენტარი მიუღებელია. პოლონეთში ამის განზრახვა არავის აქვს და ეს პროპაგანდაა“, – განაცხადა კრისტოფ შერსკიმ ადგილობრვ მედიასთან საუბარში და დასძინა, რომ ბელარუსში სიტუაცია ნეგატიური მიმართულებით ვითარდება.
მისივე თქმით, რუსეთის მინიშნებების შემდეგ იმის შესახებ, რომ ის მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსში ძალა გამოიყენოს, მთავარი კითხვა ხდება ის, თუ რა რეაქცია ექნება დასავლეთ ევროპას.
„თუკი დასავლეთს რუსეთის მიმართ არ ექნება დამოკიდებულება: „ჩვენ ვიგებთ, ისინი აგებენ“- მაშინ პუტინი „ბრეჟნევის დოქტრინას“ ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარებს,“- აღნიშნა კრისტოფ შერსკიმ.
ვარშავასა და მინსკს შორის ურთიერთობები ბოლო დღეებში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტამ“ გაავრცელა ლუკაშენკოს კომენტარი, რომელიც აცხადებდა, რომ თუკი ბელარუსში სიტუაცია გაუარესდებოდა და ქვეყანა ჩამოიქცეოდა, პოლონეთი მის მოსაზღვრე გროდნოს რეგიონს მიიტაცებდა.