როცა კორონავირუსი პირველმა პაციენტმა დაამარცხა და პალატა საკუთარი ფეხით დატოვა ყველაზე მეტად ღელავდა. ის მისი პირველი კოვიდპაციენტი იყო, რომელსაც უხილავ მტერთან ბრძოლა მოაგებინა – ასე აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი თავისი სტუდენტის შესახებ წერს.
აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი სალომე აბესაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში კოვიდ განყოფილების უმცროსი ექიმია.
პაციენტებზე კორონავირუსამდეც ზრუნავდა, თუმცა პანდემიამ მისი ცხოვრება და სამუშაო გრაფიკი შეცვალა.
,,ვირუსის მართვაში პირველი ტალღის დროს ჩავერთე. მაშინ ემერჯენსში ექთნად ვმუშაობდი. მეორე ტალღის დროს უკვე უმცროს ექიმად გადამიყვანეს. ყოველთვის ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო. ყოფილა სიტუაცია მორიგეობაში ღამით მიმეცადინია ან მორიგეობიდან პირდაპირ ლექციაზე წავსულვარ. დატვირთული გრაფიკი მქონდა და პასუხისმგებლობაც მეტი იყო. უნდა მეფიქრა არა მარტო პაციენტების ჯანმრთელობაზე, არამედ საკუთარზეც რომ მეც არ დავინფიცირებულიყავი და საფრთხე არ გავმხდარიყავი სხვებისთვის. ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის და კიდევ უფრო ძლიერად დამარწმუნა იმაში,რომ გუნდური მუშაობის შედეგად ყველაფრის გადატანა შეიძლება“.
პროფესიული არჩევანის სისწორეში პანდემიამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა. ამბობს, რომ როცა მკურნალობასთან ერთად ვირუსისგან შეშინებული პაციენტების დამშვიდება უწევს და მათ გაღიმებას ახერხებს, ყველაზე ბედნიერია.
,,უცხო ვირუსი პაციენტებში შიშს იწვევს, ამავდროულად გვერდით ახლობელი ადამიანებიც არ ჰყავთ. კორონავირუსი კი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამიტომაც ისინი ხშირად გაღიზიანებულები არიან. ამ სიტუაციაში კი ექიმის და ექთნის თბილი მოვლა და მზრუნველობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე ემოციური ჩემთვის პირველად გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერა იყო.ზედმეტად ამაღელვებელი, რაც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება. ყოველთვის მინდოდა ადამიანებს დავხმარებოდი და მედიცინა ყველაზე დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ყველაზე ღირებულის შენარჩუნებაში დავეხმაროთ ადამიანებს,რასაც ჯანმრთელობა ჰქვია. ყოველ მძიმე მორიგეობას ერთი მადლიერი პაციენტი და მისი ღიმილი გადასწონის-ხოლმე”.
“ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი მადლობას უხდის ჩვენს სტუდენტს პანდემიის პერიოდში წარმატებული მუშაობისთვის.
სალომეს მსგავსად ვირუსის მართვაში ჩვენი მედიცინის ფაკულტეტის ათობით სტუდენტია ჩართული.” – წერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი