ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი, რომელსაც ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები არ შევეგუებით, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.
“რეჟიმის სურვილი დასაჯოს ყველა ვინც ივანიშვილს ან მის ოჯახს უსიამოვნებას მოგვრის, ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, მიუთითებს თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი.
ტვ პირველმა, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილა მძიმე დანაშაული. დანაშაული რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმის ბუნებას, ძალადობას რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ დროს გამოძიება ამ დანაშაულებათა შესახებ იწყება და არა პირიქით. ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. ქართველი ხალხის სურვილი იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში გადასინჯვას არ ექვემდებარება და ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა ამ ნების აღსრულებაა,” – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ:
- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
- “ევროპული საქართველო”;
- “ლელო”;
- “თავისუფალი საქართველო”;
- “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა”;
- “ტრიბუნა”;
- “სახელმწიფო ხალხისათვის”;
- “რესპუბლიკური პარტია”;
- “პროგრესი და თავისუფლება”;
- “სტრატეგია აღმაშენებელი”;
- “გირჩი – მეტი თავისუფლება”;
- “თავისუფალი დემოკრატები”;
- “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის”;
- მოძრაობა “დროა”;
- “გამარჯვებული საქართველო”;
- “ევროპული დემოკრატები”;
- “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”;
- “ლეიბორისტული პარტია”;
- “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია”;
- “ემსახურე საქართველოს”;
- ირაკლი ღლონტი.
ცოტა ხნის წინ, სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.
ცნობისთვის, 6 მარტს, “TV პირველმა” აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.
აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო.