რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ ქუთაისელი ჟურნალისტი, ტელეკომპანია “იმედის” კორესპონდენტი, გამორჩუელი გარემოს “სახლში” შემქმნელები ხათუნა მაისურაძე და გიზო ბანძელაძე ტყუპების მშობელები გახდნენ.
“მეგა ტვ” ალუბლების ახალბედა დედას ესაუბრა, რომელიც დედობის გიჟურ თავგადასავალსა და ორსულობამდე გავლილ რთულ გზაზე გვიყვება.
როგორია ალუბლების, ბექასა და თებეას დედიკოობაა?
სამყაროში ამაზე ძლიერი და აუხსნელი გრძნობა მართლა არ არსებობს. პირველივე წუთიდან, პირველი ტირილიდან და პირველი შეხებიდან ყველაფერმა ფერი იცვალა, ცხოვრება თავდაყირა დადგა და ახლა ჩემთვის სხვა აღარაფერი არსებობს – თებეას და ბექას დედიკოს სტატუსის გარდა. ამის ბოლომდე გასაცნობიერებლად ვფიქრობ ჯერ დრო ისევ მჭირდება.
სახელები როგორ შეარჩიეთ და რატომ ალუბლები?
მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ რომ სახელების დარქმევა გადაგვენაწილებინა. ერთმანეთის აზრები გავითვალისწინეთ, რა თქმა უნდა პატივი ვეცით ერთმანეთის არჩევანს და ასე დავარქვი მე გოგოს თებეა და გიზომ – ბექა. ამ სახელს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ისტორია აქვს. რაც შეეხება ალუბლებს, სრულიად სპონტანურად დავწერე მე სტატუსი სოციალურ ქსელში და აიტაცა ჩემს ირგვლივ მყოფმა უამრავმა ადამიანმა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ სატელევიზიო ჩართვაში აღმოვჩნდი პერანგით, რომელსაც ალუბლები ეხატა. თან იყო პირველი ფოტო , რომელიც ფეხმძიმობის პერიოდში განვათავსე ფეისბუქში. დავაწერე სათაურად ტყუპი ალუბლები და ასე გახდნენ ტყუპჩიკები ყველას ალუბლები ?
როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც გაიგეთ ტყუპებს ელოდებოდით?
არ ვიცი რატომ, მაგრამ მთელი ცხოვრება ვიცნებობდი ტყუპებზე. დაქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ ნამდვილად აღარ ვფიქრობდით არც სქესზე და არც სხვა გარემოებებზე, თუმცა როცა დადასტურდა , რომ ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ ორ სიყვარულს ველოდებოდით, მე მგონი მართლა ორმაგად ავტირდით მეც და ჩემი მეუღლეც ?
როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ორსულობისა და ბავშვების გაჩენის შემდეგ?
ჩემს ცხოვრებაში ახლა ალუბლობის დიდი რევოლუციაა
დედიკობაა ყველაზე რთული და ყველაზე საყვარელი საქმეა, როგორ უმკლავდებით ერთდროულად ორ პაწაწინას?
ყველაზე მეტად სწორედ ამას განვიცდიდი, როგორ გავართმევდი თავს ერთდროულად ორი პატარას დედობას. რომ ამბობდნენ ეს გრძნობა ყველაფერს შეგაძლებინებსო, ახლა ამაში ნამდვილად დავრწმუნდი. ასეთი რთული, მაგრამ სასიამოვნო ღამისთევები არასდროს ყოფილა. ასე ლამაზად არასდროს აღმიქვამს ჩვილის ტირილი. ახლა ჩემს ცხოვრებაში თვალიც სხვა ფერებს აღიქვამს და ყურიც სხვა ხმებს ისმენს. აბსოლუტურად ყველაფერი მარტომ შევძელი და დამოუკიდებლად მოვლა დავიწყე პატარების დაბადების მეორე დღიდანვე. შვილებისთვის შეუძლებელი მართლა არაფერი ყოფილა ამ ქვეყანაზე
ვიცით რომ ძალიან გინდოდათ შვილი და მოლოდინში იყავით, რამდენად რთული იყო ეს გზა და რას ეტყოდით იმ მშობლებს, რომლებიც წლებია მოლოდინში არიან, რა უნდა ახსოვდეთ ამ გზაზე ყოველთვის?
ოთხი წელი იყო მოლოდინი, ექიმები, წამლები, მკურნალობა და არცერთი წამი უიმედობა. მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი ტვინიდან მოდის და ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მყავდა ექიმი და გუნდი ოროფესიონალების, რომლებსავ ვენდობოდი თვალდახუჭული. ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის ჩვენი მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის , რომ დღეს ალუბლების დედის სტატუსი მაქვს, სრულად ექიმ ანა ფანცხავას და რეპტოარტის გუნდის დამსახურებაა. რამდენიმე რჩევა შემიძლია მივცე ადამიანებს, რომლებიც დედობის სტატუსის მოლოდინში არიან. აუცილებლად მოემზადონ ჯერ ფსიქოლოგიურად, ეს არ არის მარტივად გასავლელი გზა. სწორად შეარჩიონ ექიმი და მიენდონ მხოლოდ მას – კეთილისმსურველების რჩევებუ უნდა დააიგნორონ და მიენდონ მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებებს. მნიშვნელოვანია ფინანსური მზაობა და დაწყებული პროცესის ბოლომდე მიყვანა. არცერთი წუთი არ უნდა დანებდეთ, არასდროს დაუშვათ , რომ რამეს ვერ შეძლებთ. არ ჩაგითრიოთ დეპრესიამ და ამ რთულ გზაზე არსებულ ყველა პრობლემას ძლიერად დახვდით
ორსულობის პერიოდში აქტიურად იყავი ჩართული ყველა შენს საქმიანობაში და ფუტკარივით ფუსფუსებდი, ახლა ორ პაწაწინასთან ერთად გიხილავთ მოფუსფუსეს თუ დროებით დაისვენებ გიჟური ჟურნალისტური და “სახლური” საქმიანობისგან?
ახლა მთელი ჩემი დრონდა რესურსი ალუბლებს ეკუთვნით, თუმცა აუცილებლად ვიქნები ერთდროულად აქტიური დედა, აქტიური ჟურნალისტი და აქტიური “სახლში” მოფუსფუსე მასპინძელი. ვფიქრობ, შვილებს წარმატებული მშობლები სჭირდებათ და ყველაფერი ერთად შეუთავსებელი ნამდვილად არ არის. მთავარია დროის და საქმის სწორი მენეჯმენტი. ჰოდა, სანამ ალუბლობის სეზონს მოვრჩებით, მანამდე გიზო მამიკო გააგრძელებს ათმაგი ძალებით ყველა ფლანგზე ბრძოლას ?მერე უკვე ყველანი ერთად ისევ აქტიურად დავუბრუნდებით გიჟური ცხოვრების რეჟიმს. ? სხვანაირად ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია.