„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვები გადაიდო. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მელია წერს, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მის ადვოკატს შეატყობინეს.
„ადვოკატს დაურეკეს სასამართლოდან. პროცესი გადაიდოო, მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს“, – წერს მელია.
მის საქმეზე სასამართლო პროცესი 15 დეკემბერს უნდა გამართულიყო.
ცნობისთვის, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.