წინასწარი ვიზუალური დათვალიერებით მეუბნებიან, რომ ეს არის მაყუჩიანი იარაღი, რადგან მჭიდრო დასახლებაა და ვიღაც აუცილებლად გაიგონებდა ხმას – ამბობს პარტია “საქართველოსთვის” ცაგერის მერობის კანდიდატი, ბესიკ ბენდელიანი საკუთარი მანქანის დაცხრილვაზე.
ბენდელიანის თქმით, მომხდარი მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. დაზარალებული დარწმუნებულია, რომ მისი ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააზიანეს.
“წინა საქარე მინა იყო დაზიანებული. ჩავთვალე, რომ ან ქვა მოხვდა, ან ვინმემ დააზიანა. გადმოვედი მანქანიდან და მანქანას უკვე ემჩნეოდა ნატყვიარები, როგორც საექსპერტო -კრიმინალისტური სამსახური მეუბნება, ნასროლია სამი ტყვია,სავარაუდოდ, წინასწარი მონაცემებით, ეს არის “AKM-ის” ტიპის იარაღიდან ნასროლი ტყვია. წინასწარი ვიზუალური დათვალიერებით მეუბნებიან, რომ ეს არის მაყუჩიანი იარაღი, რადგან მჭიდრო დასახლებაა და ვიღაც აუცილებლად გაიგონებდა ხმას”,- ამბობს ბესიკ ბენდელიანი.
გახარიას პარტიაში ამბობენ რომ მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებასა” და მის ლიდერებს ეკისრებათ, რომლებიც წინასაარჩევნოდ ოპონენტების მიმართ ზიზღის კამპანიას ატარებენ და ძალადობას ახალისებენ.