თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის მართვის პროტოკოლი, რომლითაც საქართველოში ხელმძღვანელობენ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთხელ უპასუხა ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულის კრიტიკას მკურნალობის ქართული პროტოკოლის შესახებ.
“მე მინდა შევეხო ორ პროტოკოლს, რომელიც მოქმედებს საქართველოში. ერთი – ეს არის თვითონ კოვიდის მართვის პროტოკოლ, ნაკადების მართვის პროტოკოლი, კასკადი. ეს პროტოკოლი შეიცავს რამდენიმე პროტოკოლის ერთობლიობას – 112-ის პროტოკოლი, ოჯახის ექიმი, ცხელების ცენტრების კოვიდ ცენტრების და სხვა. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი კოვიდის, ან აქვს რაღაც რისკის ქცევა, შეუძლია მიმართოს 112-ს, ის გადაამისამართებს მას სპეციალურად გამოყოფილ ოჯახის ექიმთან, ისინი სატელეფონო ინტერვიუს ჩაუტარებენ პაციენტს,“ – ამბობს თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, ჯახის ექიმთან ინტერვიუს შემდეგ პაციენტს შესაბამის ადგილას ამისამართებენ.
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ სწორედ ამ გაწერილი სქემის დამსახურებაა, რომ საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები ინფიცირებული პაციენტი და გარდაცვალების ნაკლები შემთხვევები აქვს.
“მე ვიტყვი სრული პასუხისმგებლობით, შეიძლება ყველა ქვეყანას არ ვიცნობ, მაგრამ ასეთი კასკადი, ნაკადების მოძრაობის სქემა როგორიც არის საქართველოში, არ არის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ყოველ შეთხვევაში, მე ასეთი არ ვიცი. ეს მოქმედებს ძალიან ეფექტურად და ვფიქრობ, რომ ამის დამსახურებაა ძირითადად, რომ დღეს საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლები რაოდენობა ავადმყოფებისა და გარდაცვლილთა ყველაზე ნაკლები რიცხვი. ევროპის 53 ქვეყნიდან საქართველოს უკავია 49- ადგილი და ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი მხოლოდ ჯუჯა სახელმწიფოებს ჰყავს,“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.