ძალადობრივი დანაშაულის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის მიზნით შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ელექტრონული მონიტორინგის სისტემას ნერგავს. კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და უახლოეს მომავალში ის პარლამენტს გადაეგზავნება.
ახალი კანონპროექტის თანახმად, მოძალადეზე, რომლის მიმართაც გამოცემული იქნება შემაკავებელი ორდერი, განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგი. მონიტორინგს ასევე დაექვემდებარება მსხვერპლიც, რომელსაც ასევე დაუმაგრდება ელექტრონული სამაჯური.
„კანონპროექტი უკვე წარდგენილი აქვს მთავრობას და უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება პარლამენტს. აღნიშნული იმას გულისხმობს, რომ შემაკავებელი ორდერის აღსრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. ელექტრონულ ზედამხედველობას გამოვიყენებთ იმ მოძალადეების მიმართ, რომლის მხრიდანაც იარსებებს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ეს იქნება მსხვერპლთა დაცვის მნიშვნელოვანი გარანტი და მექანიზმი. სამაჯურების სახით განხორციელდება მონიტორინგი. მოწყობილობის ერთი ნაწილი დაუმაგრდება კიდურზე მოძალადეს, მეორე ნაწილი კი ექნება მსხვერპლს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა.