საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ სემეკი წელს სამომხმარებლო ტარიფს გადახედავს.
ნარმანიას თქმით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობის იურიდიულ დონეზე გაყოფაა, რის შედეგადაც დღეს თბილისში ელექტროენერგიას მოსახლეობას “თელასის” ნაცვლად, კომპანია “თელმიკო” აწვის, რეგიონებს კი “ენერგო-პრო ჯორჯიას” ნაცვლად – “ეპი ჯორჯია”.
სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტარიფის არსებითი ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან მოქმედ ტარიფში უკვე ასახულია ყველა ძირითადი ფაქტორი, რამაც 1 იანვრიდან უკვე გაზარდა ელექტროენერგიის საფასური. ახალ ტარიფში კი ისეთი ხარჯები იქნება გათვალისწინებული, როგორიც მაგალითად, ენერგეტიკული ბირჟის მომსახურების საფასურია, რომლის სრულფასოვანი ამოქმედება მომავალ წელს იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან “თელასის” და “ენერგო პრო ჯორჯიას” კომერციული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 11-13 თეთრით გაიზარდა.