საქართველოს სამეცნიერო და აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოება თსუ-ს აკადემიურ საბჭოს მოუწოდებენ, აღკვეთოს პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ უსამართლო ანგარიშსწორება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და განათლების მინისტრს, ბ-ნ მიხეილ ჩხენკელს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ-ნ გენადი მარგველაშვილს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებს
პეტიცია
ბოლო დღეებია შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ საგანგაშო პროცესს, რომელიც უკავშირდება თსუ პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ ცილისწამებასა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მისი რეპუტაციის შელახვას.
ეს პროცესი გამჟღავნდა თსუ-ში შექმნილი ეთიკის კომისიის დასკვნის სახით, რომელმაც იაგო კაჭკაჭიშვილი დაადანაშაულა მეცნიერული კეთილსინდისიერების დარღვევაში; თუმცა, ეთიკის კომისიის ამ დასკვნას, ჩვენი ღრმა რწმენით, არ გააჩნია სამართლებრივი და აკადემიური საფუძველი. თავად თსუ ეთიკის კომისიის წევრებმა სოციალურ ქსელში გააკეთეს განმარტებები, რომლებშიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ ე.წ. „ავტოპლაგიატის“ საკითხს 2001 წელს (როცა კაჭკაჭიშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია) არანაირი აკადემიური რეგულაცია არ განსაზღვრავდა და, შესაბამისად, მისი ბრალდების სახით წაყენება მეცნიერის მიმართ უსაფუძვლოა; ასევე, კომისიის წევრები შეუძლებლად მიიჩნევენ თეორიული ხასიათის დისერტაციის დაწერას „კომპილაციის ნიშნების“ (როგორც თავადვე წერენ) გარეშე. არადა, სწორედ ამ ორი „ბრალდების“ საფუძველზე დაასკვნეს დოკუმენტში, რომ „იაგო კაჭკაჭიშვილს უფიქსირდება აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა“.
ხელნაწერის სახით არსებული დისერტაციის გამოცემა წიგნის (მათ შორის, დამხმარე სახელმძღვანელოს) სახით ჩეულებრივი პრაქტიკაა არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და არაადეკვატურია მეცნიერის არაკეთილსინდისიერებაში დადანაშაულება იმის გამო, რომ მან წიგნში არ მიუთითა დისერტაციის საფუძველზე მისი გამოცემის შესახებ.
საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ პროცესს თავისი წინაისტორია აქვს: იაგო კაჭკაჭიშვილის სამეცნიერო პროდუქტის „მონიტორინგი“ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ღიად და საჯაროდ გააკრიტიკა თსუ რექტორის, გია შარვაშიძის, დისერტაცია, რომლის ირგვლივაც სპეციალური სიუჟეტი მოამზადა „სტუდია „მონიტორმა“, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფარგლებში. ეს გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს შურისძიების მცდელობასთან, რაც მეცნიერის გაუმართლებელი დევნის ნიშნებს ატარებს.
მოვუწოდებთ თსუ აკადემიურ საბჭოს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და აღკვეთოს მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე პროფესორის, იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ უსამართლო ანგარიშსწორება, რამაც ფართო საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
თინათინ მარგალიტაძე, თსუ პროფესორი
ირინე ტატიშვილი, თსუ პროფესორი, ასირიოლოგიის კათედრის გამგე
ამირან ბერძენიშვილი, თსუ პროფესორი
ლევან გორდეზიანი, თსუ პროფესორი, ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგე
ლიკა ღლონტი, Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორი
ლევან ბერძენიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
გიორგი (გაგა) ნიჟარაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
ემზარ ჯგერენაია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
თამარ მახარაძე, თსუ ასოცირებული პროფესორი
ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი
ლაშა ბუღაძე, მწერალი
ეთერ (დოდო) ოკუჯავა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
რატი ამაღლობელი, მწერალი
ტრისტან ჯინჭარაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
თინათინ ხიდაშელი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე
მანანა ხარხელი, თსუ ასოცირებული პროფესორი
ეკა ჩოხელი, თსუ ასოცირებული პროფესორი
ლევან ლორთქიფანიძე, თსუ დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი