ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ქუთაისის საკრებულოსში გიგა შუშანია მერიას აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მერიამ არ გადაფარა „ტორპედო“-ს ვალი 1 200 000 ლარი, შესაბამისად კლუბი ჯერ არ გადაცემია კერძო მეპატრონეს და აქ კვლავ ფინანსური კრიზისია. ამას შუშანია მერიას, ფეხბურთის ფედერაციასა და „ ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს შორის კორუფციულ ურთიერთდამოკიდებულებას უკავშირებს.
ბრალდებებს უარყოფენ „ტორპედოს“ ადმინიტრაციაში. “ტორპედოს” პრეზიდენტი თემურ ჩეჩელაშვილი განმარტავს, რომ ხელშეკრულების გაფორმებას მხოლოდ კორონა ვირუსის მიერ შექმნილი ვითარება უშლის ხელს.
„ხელფასებისათვის თანხას ინვესტორი რიცხავს და კლუბში ფინანსური პრობლემები არაა” – ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი. თუმცა ის ასევე დაადასტურა, რომ დავალიანება, რომელიც მერიას უნდა გადაეფარა ჯერ კიდევ ვალად რჩება.