საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, არანაირი პრობლემა ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება.
როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და შეთანხმებულია, როგორც ცესკოსთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან.
„ არანაირი პრობლემა ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება. ყველაფერი დათქმულ თარიღებში ჩატარდება და დემოკრატიის სრული დაცვით “, – აღნიშნა გახარიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას, გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს.“
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს “,-განაცხადა გიორგი გახარიამ.