„მინდა მივმართო ჩვენი ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს და ხელისუფლებას, რათა, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი, მინდა მივმართო მათ დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისი არის ადგილი, სადაც შესაძლებელია შედგეს ნებისმიერი მოლაპარაკება მხარეებს შორის.
„მინდა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მაგრამ, ამასთანავე, მთელი ქართული საზოგადოების სახელით, გამოვთქვა ღრმა მწუხარება იმ მსხვერპლის გამო, რომელიც მოყვა კონფლიქტს ჩვენს მეზობელ და მეგობარ ორ ქვეყანას შორის. მინდა მივმართო ჩვენი ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს და ხელისუფლებას, რათა, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი, მინდა მივმართო მათ დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ. ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის მთავარი საერთო ინტერესი, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მისი ეკონოიმიკური უზარმაზარი როლი მსოფლიოსთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავურთხილდეთ. მინდა, ასევე მივმართო მინსკის ჯგუფს, რომელსაც ასევე აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტის მიმართ და მის თანათავმჯდომარეებს, მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ მზად ვართ ეს ქვეყანა, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარაკება. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც იქნება სასურველი მხარეებისთვის. ასევე მინდა მივმართო ევროკავშირს – ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა ვართ აღმოსავლეთ პარტნიორები. თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა ამ რეგიონში და ის ასევე არის ევროკავშირის ინტერესში, მან თავისი ძალები ასევე უნდა გამოიყენოს მშვიდობისთვის და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. ეს არის სამივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ არის არაფერი უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.