წინა კვირას, გლდანში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. მედიასივრცეში ელვისსისწრაფით გავრცელდა, ცნობა რომ გლდანში, მესამე ა მიკრორაიონში, ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვი იპოვეს.მოზარდი, მრავლობითი მოტეხილობებითა და შინაგანი დაზიანებებით, თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაში” მშობლებმა საკუთარი ავტომობილით მიიყვანეს. მდგომარეობა პირველივე წუთიდან უკიდურესად მძიმედ შეფასდა.
მომხდარიდან მეექვსე დღესრატი ლორთქიფანიძე გონზე მოვიდა და დედასაც დაელაპარაკა.
მედიკოსები ამბობენ, რომ მთავარი საფრთხე ჩავლილია, რატის გამოჯანმრთელება კი სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.
როგორც ამბობენ, მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების გამო, მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან, პალატაში გუშინ გადაიყვანეს და მეტიც, რატიმ გუშინდელი ღამე მონატრებულ დედასთან ერთად გაატარა.
რაც შეეხება მომხდარს, ერთ-ერთი ვერსიით, მესამე სართულზე გამოძახებული ლიფტის კარი ისე გაიღო, რომ კაბინა არ ჩამოსულა, ბავშვი კი ღია კარში შევიდა და მოულოდნელად შახტაში ჩავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.