სამშენებლო ობიექტიდან, მე-8 სართულიდან გადმოვარდნილი 26 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც პირველ სამედიცინო ცენტრში ჟურნალისტებს ანესთეზიოლოგ – რეანიმატოლოგმა ხათუნა ხუფენიამ განუცხადა, ამ ეტაპისთვის პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქირურგიული ჩარევა.
„პაციენტი კლინიკაში მოყვანილია ფორსმაჟორულ სიტუაციაში, სიმაღლიდან ვარდნის გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ კომატოზურ მდგომარეობაში, იყო ტრამვულ-ჰემორაგიული შოკი. დაზიანებებს რაც შეეხება, არის სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის, ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შეშუპება, კისრის გულ-მკერდის და წელის მალების მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის კრიტიკული, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია და ოპერაცია დაიგეგმება მას შემდეგ, რაც იქნება მიღწეული მინიმალური სტაბილიზაცია“, – განაცხადა ხათუნა ხუფენიამ.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.