საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული ხრიკის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Kommersant-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის საგარეო მინისტრის თქმით, ის ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთან მეგობრობას.
„მე ამ ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული ხრიკის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, დარბაზში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობის დროს. ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ უხეშად ჩაშალეს ეს ღონისძიება და შემდეგ რუსეთს დააბრალეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც თითქოს რუსოფობიური კამპანია გააჩაღა. მაგრამ, იქ არაფერი მომხდარა შეთანხმებული პროცედურის გარდა, რომელიც მძვინვარე ხალხის ჯგუფმა შეაჩერა. მათ წინასწარ მომზადებული პლაკატები ჰქონდათ. ისინი ამას გააზრებულად აკეთებდნენ. რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა ნამდვილად არ ყოფილა. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას“, – აცხადებს ლავროვი.
მისივე თქმით, რუსეთს 2019 წლის ზაფხულში უკვე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მზად ჰქონდა, თუმცა ივნისის მოვლენებმა ეს პროცესი უკან დახია.
„ეს არ იყო ადვილი. მისი მომზადების პროცესი, გასაგები მიზეზის გამო, რთული იყო. საბოლოოდ, ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით, რათა ხალხებს კომუნიკაციის, კონტაქტების დამყარების საშუალება ჰქონოდათ და ტურიზმის განვითარებას ხელი შეწყობოდა. ივნისის გამოხტომამ, რა თქმა უნდა, უკან დახია მთელი პროცესი,“ – აღნიშნა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ.