,,მე მახსოვს ყოველი წუთი, ყოველი წამი, იმ აგვისტოს დღეების. მახსოვს ჩვენი ჯარისკაცების სახეები, მახსოვს ქუჩაში გამოსული ასობით ათასი თბილისელი.
არც ჯარისკაცების სახეებზე და არც ხალხის სახეებზე მე არ მინახავს შიში. მე ვნახე შეშფოთება, რა თქმა უნდა იყო დიდი ნერვიულობა, მაგრამ არ იყო შიში და არანაირი დანებების სურვილი.
პირველივე წამიდან მე ვიმეორებდი, საქართველო არასდროს არ დანებდება და ამასვე ამბობდა თითოეული ადამიანი, ვინც იმ დღეებში ასრულებდა თავის სახელმწიფო ფუნქციას და უბრალოდ სამოქალაქო პოზიცია ეკავა.
მე მახსოვს თბილისში ჩამოსული პრაქტიკულად მთელი მსოფლიო, მე მახსოვს ჩემი ყოველდღიური საუბრები ამერიკის პრეზიდენტთან, მისი გამოსვლა მთელ ადმინისტრაციასთან ერთად, თეთრი სახლის წინ, პრესკონფერენციაზე საქართველოს დასახმარებლად და საქართველოში გამოგზავნილი მე-6 ფლოტი.
ისევე, როგორც შავ ზღვაზე გადმოსროლილი თვითმფრინავები.
საქართველოს არასდროს არ ქონია ისტორიაში ასეთი მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს – ეს იყო დამსახურებული და არ უნდა დავკარგოთ.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს შეუძლებელი, რამდენიმე დღე შეაჩერეს ათჯერ მეტი რაოდენობის მტერი, მანამ სანამ ჩვენ მოვიგეთ დრო და მსოფლიომ გამოიღვიძა და რუსეთმა ვერ განახორციელა მთელი თავისი სტრატეგიული გეგმა, ვერ აიღო საქართველოს დედაქალაქი.
ვერ დაამხო საქართველოს დემოკრატია და საქართველოს ხელისუფლება. შემდეგ რუსებმა კარგად იმუშავეს გამწარებისგან, კიდევ უფრო მეტი მონდომებით ძალიან ბევრ ადამიანს გამოუცვალეს მახსოვრობის ჩიპი, მათ ჩააგონეს რომ საქართველო დამარცხდა, მათ ჩააგონეს რომ საქართველო გაიქცა.
თუმცა არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ფინეთი კამპანიის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის რუსეთის ჯარი შეჭრილიყო რომელიმე ქვეყანაში და მთლიანად ის არ დაეპყრო.
როგორც ჩანს,სამწუხაროდ, ჩვენი მთლიანი დაპყრობა მაინც განხორციელდა ჰიბრიდულად, 2012 წელს და ამის შედეგებს ვიმკით დღეს.
ამიტომ, ამოცანა მაშინაც და ამოცანა დღესაც რჩება, საქართველოს დაცვა და საქართველოს გათავისუფლება.
ამჯერად, უკვე სამუდამოდ გათავისუფლება ყველანაირი მტრული ძალისგან!
მე განწყობილი ვარ გასამარჯვებლად და ის ხალხი ვინც 2008 წელს ერთ მუშტად იყო შეკრული დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ცოცხალია და არ შეცვლილა და თქვენც განწყობილნი ხართ გასამარჯვებლად!
ჩვენ ვერ გაგვაფარჩაკებენ, ჩვენ ვერ ჩაგვაგონებენ, რომ ჩვენ ვართ ლუზერები და დამარცხებულები – ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები!
გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, შინდისის გმირების, ძმები რომელაშვილების სამშობლო შეუძლებელია იყოს დამარცხებული!
ჩვენი საუკეთესო დღეები და გამარჯვებები, ჯერ კიდევ წინ არის და იქნება მალე!-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი , მიხეილ სააკაშვილი.