8 დეკემბერს, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულზე, ქუთაისელი მრევლი და კათოლიკე სასულიერო პირები ხარების ტაძარში არ შეუშვეს.
კათოლიკე მრევლი მათთვის ჩამორთმეულ ყოფილ კათოლიკურ ტაძარში, თითქმის 15 წელია, ყოველ 8 დეკემბერს, ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულზე, მოსალოცად მიდის.
როგორც ქუთაისის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი ამბობს, ტაძარში შესვლისთვის თანხმობის მისაღებად, მართლმადიდებელ მიტროპოლიტს ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე, დღეში 3–4–ჯერ ურეკავდა, თუმცა იგი ზარებს არ პასუხობდა.
შემდეგ კი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ, დოგმატის განსხვავებულობის მოტივით, მათ ხარების ეკლესიაში შესვლაზე ჯერ უარი განუცხადა, შემდეგ კი ეზოს ჭიშკარი ჩაკეტა.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იოანე გავრცლებულ ვიდეოში განმარტავს, რომ მათ განსხვავებული დოგმატები აქვთ, ამიტომ „უპრიანია“ საგალობლები თავიანთ ტაძრებში შეასრულონ.
„როცა მე გავეცანი სწავლებას და შევადარე, როგორია პირვანდელი ერთიანი ეკლესიის სწავლება და ღვთისმშობელი, მივხვდი, რომ ეს დოგმატი სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იძლევა. არა განდიდებას ღვთისმშობლის, არამედ მისი ღირსების დაკნინებას ემსახურებოდა. ჩვენთვის მიუღებელია ამგვარი საგალობლების შესრულება ტაძარში, რომელიც ღვთისმშობლის ხარების სახელზეა ნაკურთხი. ჩვენ, ცხადია, ვერ ავუკრძალავთ ამ დღის აღნიშვნას, მაგრამ უპრიანია, შეასრულონ ეს თავიანთ ტაძრებში. ნუ ეწყინებათ, ერთიანი ეკლესიიდან გამოყოფის შემდე,გ მათ მიღებული აქვთ დოგმატები და ამ დოგმატს ჩვენთან არ აქვს კავშირი, ამიტომ ჩვენ არ ვაღიარებთ მათ მსახურებას ჩვენს ტაძრებში“,- განმარტა მეუფე იოანემ.