პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ ქუთაისის თვითმმართველობის შენობის წინ ე.წ ქვასანაყი მიიტანა და წყალი დანაყა. მისი თქმით, ხელისუფლებასთან ლაპარაკი წყლის ნაყვას ჰგავს. აქცია-პერფომანსით მან ქუთაისის მერიის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტზე ავტომანქანის განათხოვრება გააპროტესტა. სანაცვლოდ ქალაქის მერი მაღალი გამავლობის ავტომობილების ყიდვას აპირებს. რაც ქალაქის სიდუხჭირის ფონზე პოლიტიკოს ტრაგედიად მიაცნია და ამბობს, რომ გიორგი ჭიღვარიას ქალაქის ბიუჟეტი მისი წინაპრების დატოვებული ჰგონია.
ქუთაისის მერიაში წულაიას განცხადებას არ პასუხობენ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მერიამ ავტომობილების შესაძენად 62000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, სადაც მითითებული იყო, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილებს ყიდულობდნენ. უფრო ადრე კი ავტოპარკის განახლებისთვის გამოცხადებული ტენდერი ნახევარ მილიონ ლარს უტოლდებოდა.