“არა შერჩევით სამართალს”, “მერია მონების თავშესაფარი”-მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ქვეყანაში შერჩევით სამართალს გმობენ. მათი თქმით, ოპოზიციაზე თავდასხმისათვის არც ერთი საჯარო მოხელე არ დასჯილა. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ქვეყნის სიყვარული ისჯება, ხოლო სიძულვილი წახალისებულია.
“ჩვენ ვაპროტესტებთ შერჩევით სამართალს. ხაბეიშვილს დაუწერეს 2 000 ლარიანი ჯარიმა მაშინ, როდესაც იპოზიციის ოფისებზე კვერცხების სროლისათვის არავინ დასჯილა. ამ ყველაფერის ფონზე, ჯარიმების დაწერა რიგითი აქტივისტებისათვის სამარცხვინოდ მიმაჩნია,”-ამბობს მოძრაობის წევრი, ნინი თვალავაძე.
აქციის მონაწილეები იმერეთის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა უპასუხონ კითხვებს, რატომ სძულთ ქალაქი და რა გეგმები აქვთ ქუთაისთან დაკავშირებით.
მოძრაობის წევრებმა მერიის შენობაზე სტიკერების დაკვრა და მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერების დატანაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ შენობის დაცვამ არ მისცა.