ქუთაისის მერიამ ჯიპების შესაძენად ჩაშლილი ორი ტენდერის შემდეგ მესამე გამოაცხადა.
ავტომობილების შესაძენად, ერთხელ 7 000 ლარით გაზრდილი თანხა, ახლა უკვე 5 000 ლარით გაიზარდა და ჯამში პირველ ტენდერთან შედარებით მერია 2 ჯიპის შესაძენად 12 000 ლარით მეტის, 74 000 ლარის გახდას გეგმავს.
შეგახსენებთ პირველ ტენდერზე მაღალი გამავლობის ავტომობილების შესაძენად მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან 62 000 ლარი გამოყო, მეორე ჯერზე კი მზად იყვნენ 69 000 ლარი გადაეხადათ.
როგორც ცნობილია პირველი ტენდერის ჩაშლის მიზეზი მანქანების ფერი გახდა. მერიამ ტენდერის ერთადერთ პრეტენდენტს, ფიზიკური პირს, ლევან თოფჩიშვილს დისკალიფიკაცია იმის გამო მისცა, რომ თოფჩიშვილი მერიას მწვანე და ლურჯი ფერის ჯიპებს სთავაზობდა და არა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ვერცხლისფერ, რუხ, ნაცრისფერ ან შავ ავტომანქანებს. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი მონაწილეობა არავინ მიიღო.
ქუთაისის მერია ახლა მესამე ტენდერის (NAT190019452) შედეგებს 16 ოქტომბერამდე ელოდება.